in

ასე უყვარდა გალაკტიონს

გალაკტიონ ტაბიძის 4 სიყვარული

2000 წლის ივნისში, საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ “პოეტების მეფეს”, გალაკტიონ ტაბიძეს, შეუნდო თვითმკვლელობის ცოდვა. ცოდვა, რომელიც პოეტმა 1959 წლის 17 მარტს, საღამოს ექვს საათზე ჩაიდინა. თუმცა, იმ დღეს ორჯერ სცადა თვითმკვლელობა: დღის სამის–ნახევარზე და საღამოს ექვსის–ნახევარზე, მაგრამ ორჯერვე გადაიფიქრა: “ჯერ ადრეა, გალაკტიონ, ცოტა ხნის შემდეგ”. მესამეჯერ კი განზრახვა სისრულეში მოიყვანა. ის მესამედ და უკანასკნელად შევიდა 92–ე ოთახში, ანუ განყოფილების გამგის ოთახში, კარი მიხურა, ავადმყოფის ხალათი გაიხადა, სკამი აიღო, რომელიც ფანჯარასთან მიიტანა, გამოაღო ორმაგი ფანჯარა, ჯერ სკამზე ავიდა, მერე ფანჯრის რაფაზე და ფრთაგაშლილივით დაენარცხა ქვაფენილს. როდესაც პოეტს მთაწმინდაზე ასაფლავებდნენ, აქაც უმუხთლა წუთისოფელმა, გაჭრილი სამარე ვიწრო აღმოჩნდა… როგორც ცხოვრებაში არ უმართლებდა გალაკტიონს, ისე სიყვარულშიც ხელმოცარული იყო. სწორედ პოეტის სიყვარულზე გვესაუბრება თსუ–ის პროფესორი, ქალბატონი თამარ პაიჭაძე.

თამარ პაიჭაძე:

– 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს ერთმანეთი გალაკტიონ ტაბიძემ და ოლია ოკუჯავამ. მათი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. გალაკტიონი და მისი ბიძაშვილი ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო მიდიოდა. სწორედ იმ წელს გაიცნო მერი შერვაშიძეც, ისიც ქუჩაში მიმავალი დაინახა. ოლია მათ გაცნობას ასე აღწერს: ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაქცეოდა. ამ პერიოდში ოლია ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. ამ სასწავლებელთან ახლოს იყო ტიციანისა და გალაკტიონის სასწავლებელი – კლასიკური გიმნაზიაც. ოლია თავის ჩანაწერებში წერდა: სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი შარფით განმარტოვებული. ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილს. სწორედ აქედან დაიწყო მათი სიყვარულიც.

– ქალბატონო თამარ, მერი შერვაშიძემ მის ლექსებში გარკვეული როლი ითამაშა.

– მერი შერვაშიძის ნახვამ პოეტში საოცარი შინაგანი მუხტის დატრიალება გამოიწვია, რაც მის შემოქმედებაზეც ძალიან კარგად აისახა. 1912 წლამდე დაწერილი პოეტის ლექსები სულ სხვა სტილისაა. როცა მის ცხოვრებაში ეს ორი საბედისწერო ქალი გამოჩნდა, ორივემ განსაკუთრებული და თავისებური სიახლე შეიტანა მის პოეზიაში. 1914 წელს მან თავისი პირველი ლექსების კრებული გამოსცა, რომელსაც თავად უწოდებდა “მწუხარე წიგნს”. ეს კრებული სავსებით განსხვავდება მისი მეორე კრებულისგან – “არტისტული ყვავილები”, რომელიც 1919 წელს გამოიცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1914 წელს კრებულის გამოსაცემად სჭირდებოდა ხელმოწერები. მაშინ ასეთი წესი იყო, როდესაც ახალი პოეტის ან მწერლის წიგნი გამოდიოდა, საჭირო იყო რამოდენიმე ადამიანის სარეკომენდაციო ხელმოწერა, მაგრამ გალაკტიონმა ეს ხელმოწერები ვერ შეაგროვა, რის გამოც ძალიან წუხდა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა ამ ხელმოწერების შეგროვება, ამიტომაც 1914 წელს გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული. ამ კერბულის შემდეგ, მან სულ სხვანაირი სტილის ლექსები (სიმბოლისტურ–მოდერნისტული და ნეორომანტიკული) შექმნა. ამის მიზეზი კი მის ცხოვრებაში ამ ორი ქალბატონის გამოჩენა იყო.

– მართალია, მერი შერვაშიძემ მასში ასეთი გარდატეხა გამოიწვია, მაგრამ ქალი გალაკტიონს პირადად არ იცნობდა.

– დიახ, მათ არ ჰქონიათ ურთიერთობა. მერი შერვაშიძე სულ სხვა ცხოვრების ქალი იყო. ის, თავისი გარეგნობის გამო, ბავშვობიდანვე პოპულარული გახლდათ. მისი გარეგნობა ყველა პარამეტრში ჯდება. ის დღესაც ლამაზ ქალად არის მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, გურიის, თუ არ ვცდები, სოფელ შემოქმედში ერთ–ერთმა მხატვარმა, როდესაც მარიამ ღვთისმშობელს ხატავდა, ღვთისმშობლის სახედ მერი შერვაშიძის სახე დახატა. როდესაც გალაკტიონმა გაიცნო, მერი უკვე ძალიან პოპულარული გახლდათ. მერის მამამ, პროკოფი შერვაშიძემ, რომელიც ოფიცერი იყო და მეფის კარზე მსახურობდა, მერი სანკტ–პეტერბურგში წაიყვანა. რუსეთის იმპერატორის დედას, მარია ფედორევნას ისე მოეწონა, რომ ფრეილინად აიყვანა და თავის ამალაში ჩარიცხა. ეს არ იყო უბრალო საქმე. იმპერატორის დედის ამალაში ყოველთვის იყვნენ ლამაზი, განათლებული და დახვეწილი მანერების ქალბატონები. მაგრამ მერი შერვაშიძემ თავად არ ისურვა ეს პატივი და მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნება არჩია. გალაკტიონ ტაბიძეს უყვარდა მერი, მაგრამ ეს სიყვარული ოლია ოკუჯავას სიყვარულმა გადასძლია. გალაკტიონისთვის მერი გაერთიანებული იყო მშვენიერებასთან, რომანტიზმთან და ღვთისმშობლის სახესთან. 1912 წლიდან დაიწყო მერიზე ლექსების წერა, მაგრამ როდესაც მისი და ოლია ოკუჯავას შეუღლება გადაწყდა, მან 1915 წელს დაწერა მერისთან გამოსათხოვარი ლექსი “მერი”. ბუნებრივია, როდესაც ქალი ჯვარს ერთ მამაკაცზე იწერს, ის მეორეს აღარ ეკუთვნის.

“შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

… და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,

რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი”.

– ამ ლექსის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და თანაც მერი ამ დროს გათხოვილი არ იყო.

Загрузка...

რატომ დარჩა უცოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი?

ვაჟა-ფშაველა, გაუხმაურებელი ტრაგიკული ისტორიები