in

იცით თუ არა, რომ ლადო გუდიაშვილი…

ცნობილი ქართველი მხატვარი და უნიჭიერესი ადამიანი

ლადო გუდიაშვილი – XX საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, პროფესორი… მის შესახებ ინფორმაციის მოძიება მარტივად არის შესაძლებელი წიგნებისა თუ ინტერნეტის საშუალებით. ამჯერად, მოკლედ მიმოვიხილავ ლადო გუდიაშვილის ბიოგრაფიას და ყურადღებას გავამახვილებ იმ ნაკლებად ცნობილ მასალაზე, რაც საქართველოს ეროვნულ არქივში გახლავთ დაცული.

ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. წარმოშობით მთიულეთიდან იყო. მხატვრობისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა. 1910 წლის აგვისტოში ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც 1914 წელს პირველი ხარისხის დიპლომზე დაამთავრა, მიენიჭა მხატვარ-პედაგოგის წოდება და ამავე წელს ვაჟთა II გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად. პარალელურად შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. მონაწილეობდა ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების’‘ სამ ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის XV საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციასა და 1917 წელს სამხრეთ საქართველოში ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნის, პარხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ე. თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ლადო გუდიაშვილი 1919 წელს საფრანგეთში გაემგზავრა. 1926-1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
1946 წელს კათოლიკოს-პატრიარქის – კალისტრატეს თხოვნით ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მას ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს და სამხატვრო აკადემიიდანაც დაითხოვეს.

უარყოფილი მხატვარი 10 წელი ჩუმად მუშაობდა. 40 წლის განმავლობაში გამოფენა არ მოუწყვია. დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით 1957 წლის 12 მაისს თბილისში სამხატვრო გალერეაში გახსნილმა ექსპოზიციამ კი, სადაც საზოგადოებამ უპრეცედენტო მასშტაბის, 835 ნახატი იხილა, მხატვარს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ნელ-ნელა ხელისუფლებასაც მოუბრუნდა გული. გუდიაშვილს რამდენიმე ჯილდო, პრემია თუ ორდენიც მიენიჭა. 1980 წლის ივლისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმიდის პანთეონში.

ლადო გუდიაშვილის შესახებ უნიკალური მასალაა დაცული საისტორიო არქივში. აქ ინახება მისი თხოვნა განათლების მინისტრისათვის მიწერილი საშუალო სასწავლებელში ხატვის გაკვეთილების გამოყოფის შესახებ, დათარიღებული 1918 წლის 31 ივლისით: ,,უმორჩილესად გთხოვთ მომცეთ ხატვის გაკვეთილები საშუალო სასწავლებელში”. წერილის ბოლოს ლადო გუდიაშვილის ხელმოწერაა. ასევე, მითითებულია საცხოვრებელი მისამართი: ,,გონჩარნაია (მეთუნეთა) ქუჩა #41 (მე-8-ვე კომისარიატი)”, რაც დღევანდელი მოსე თოიძის ქუჩაა. აქვეა 1918 წლის 28 სექტემბრის ბრძანება საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ-გამგისა, გუდიაშვილის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და ცნობა 1919 წლის 17 მაისით დათარიღებული თბილისის ვაჟთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის გუდიაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან 27 მაისამდე გათავისუფლების შესახებ (ფონდი 1935, აღ. 2, საქმე 306).             მნიშვნელოვანია 1920 წლის ივლისის უწყება მთავრობის საქმეთა მმართველობის მიმართ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად 1919 წლის დეკემბერში გაიგზავნნენ სტუდენტები:
1. ალექსანდრე ჯანელიძე
2. ბარნაბა გელაზანია
3. ვლადიმერ გუდიაშვილი
4. დავით კაკაბაძე
5. შალვა ქიქოძე

Загрузка...

გურამ დოჩანაშვილის სულისშემძვრელი სიტყვები

როგორ უმკლავდებოდა ელენე ახვლედიანი უდიდეს ტკივილს