in

მკაცრი, ლამაზი და ამაყი ქალბატონი ეკატერინე ჭავჭავაძე

ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად ახასიათებდნენ როგორც ამაყ, თვითდაჯერებულ, მკაცრ და მომთხოვნ ქალბატონს.

ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად ახასიათებდნენ როგორც ამაყ, თვითდაჯერებულ, მკაცრ და მომთხოვნ ქალბატონს.                                                           ეკატერინე თბილისში 1815 წლის 19 მარტს დაიბადა. მამამისმა, ალექსანდრემ, ეს სახელი საკუთარი ნათლიის, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს პატივსაცემად დაარქვა.

ეკატერინე ჭავჭავაძეს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა მანამდეც, სანამ 1839 წელს დავით დადიანს მისთხოვდებოდა და გათხოვების შემდეგაც. ერთ-ერთი მათგანი იყო მისი ბავშვობის მეგობარი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკატერინე გულით ატარებდა სათუთ გრძნობას მის მიმართ და პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში გადამწყვეტი როლი სწორედ მან შეასრულა. ბარათაშვილმა, რომელიც 1844 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, ეკატერინეს გადასცა თავისი ლექსებით სავსე რვეული და მასაც ეს რვეული მუდამ თან დაჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც თავის შვილებთან ერთად სანკტ-პეტერბურგში და მოგვიანებით ევროპაში ცხოვრობდა (1850-1860-იან წლებში). როდესაც ახალგაზრდა პოეტი ილია ჭავჭავაძე ეკატერინეს სანკტ-პეტერბურგში ეწვია, მან ილიას ეს რვეული უჩვენა. ილიამ მყისვე შეაფასა ახალგაზრდა პოეტის ნიჭი და ძალისხმევა არ დაიშურა, რათა პოეტის ლექსები სიკვდილის შემდეგ მაინც გამოქვეყნებულიყო. ეკატერინეს კიდევ ერთი ცნობილი თაყვანისმცემელი გახლდათ ესპანეთის ელჩი, ჰერცოგი დ’ოსუნა, რომელიც მას პირველად 1857 წელს სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე II-ის კორონაციაზე შეხვდა.

ზოგიერთ შემთხვევაში ეკატერინეს ხასიათის სიმტკიცე ოჯახის მიმართ მის ერთგულებაშიც ვლინდებოდა. იგი მუდამ პატივისცემით ეპყრობოდა და იცავდა დადიანების ოჯახისა და სამეგრელოს პრესტიჟს, ჯერ როგორც თავადი დადიანის მეუღლე და შემდგომ როგორც დედოფალი; თავისი მდგომარეობა მან სამეგრელოს რეგიონში დასავლური ღირებულებების დანერგვას მოახმარა; ის მოსახლეობის განათლებასა და სამეგრელოს ტერიტორიის დაცვაზე დღენიადაგ ზრუნავდა, ხოლო თავადი დადიანის ფრიად შთამბეჭდავი ბიბლიოთეკის დაცვასა და შენარჩუნებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თავდაპირველად დადიანების წყვილი ბედნიერი იყო, მაგრამ მალე, სწრაფი მონაცვლეობით, სამი მცირეწლოვანი შვილის სიკვდილი დაატყდათ თავს. ამ ტრავმამ ეკატერინეზე დიდად იმოქმედა; მან მოსვენება დაკარგა და ზუგდიდის სასახლეში ცხოვრებას ერიდებოდა; სიმშვიდის მოსაპოვებლად საქართველოში მოგზაურობა დაიწყო. მშფოთვარე გონების დასამშვიდებლად დავითმა ეკატერინეს სთხოვა სასახლის ბაღები თავიდან დაეპროექტებინა; წყვილმა მებაღეები უცხოეთიდან მოიწვია: შემოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების სახეობები და სამ თვეში ბაღი სამოთხის ბაღად გადააქცა. მცირეოდენი ხნის შემდეგ, 1853 წელს, მათი ვაჟი ნიკო დადიანი (რუსეთის ხელმწიფე ნიკოლოზ I-ის ნათლული) დაიბადა; მას ძალიან მალე სხვა დედმამიშვილები: ანდრია, სალომე და თამარი მოჰყვნენ.

რაც შეეხება დადიანების სხვა შვილებს, ნიკომ გრაფ ადელბერგის, რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილი შეირთო ცოლად. გრაფი რუსეთის ხელმწიფის ბავშვობის მეგობარიც გახლდათ. 1874 წელს ანდრო დადიანმა, ეკატერინეს მეორე ვაჟმა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ცნობილი მოჭადრაკე გახდა. 1897 წელს ბრიტანეთის საჭადრაკო ჟურნალში დაბეჭდილი სტატია ენთუზიაზმით გვამცნობს, რომ “დადიანის, სამეგრელოს დიდგვაროვანის საჭადრაკო პარტიები დიდებულია; ისინი საჭადრაკო ლიტერატურაში შედევრების ადგილს დაიმკვიდრებენ “

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინემ განსაკუთრებული ზრუნვა საგვარეულო ბიბლიოთეკისა და ხელნაწერებისადმი გამოიჩინა. მან აგრეთვე წვლილი შეიტანა შოთა რუსთაველის კლასიკური პოემის, “ვეფხისტყაოსნის ფრანგულ ენაზე თარგმნაში. მაგრამ, მრავალმხრივი ინტერესების მიუხედავად, ეკატერინეს მაინც ენატრებოდა სამეგრელოს დედოფლის სტატუსი, ხოლო წლების მომატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებიც მოუმრავლდა. მისი ცხოვრების გვიანდელი პერიოდის წერილები შეიცავენ დარდიან ფიქრებს საკუთარი თავის, იმედებისა და ჟამთასვლის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში იგი აღნიშნავს, რომ ” ბედნიერება მუდამ ხანმოკლეა. ადამიანი ხის ნაფოტია იმ ხიდან, რომელსაც ცხოვრების ხეს ვუწოდებთ”. სხვა წერილში ვკითხულობთ: “მართალია, მუდამ უცნაური ვიყავი. [მაგრამ] ჩემი უცნაურობა ის იყო, რომ ვიყავი სუფთა, გულწრფელი და პატიოსანი. გულწრფელობისა და პირდაპირობის გარეშე ქვეყანას თავდაუზოგავად ვერ მოემსახურები. ეგოიზმი ჩემთვის მუდამ მიუღებელი იყო”.

Загрузка...

შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ სიტყვები, რომელსაც ეს რკინისებური ქალი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების გადმოსაცემად იყენებს, ამგვარად ჟღერს: “ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო, რადგან სიყვარული ნამდვილად არსებობს. ცხოვრება და სიყვარული – ეს ორი უდიდესი ძალა განაგებს სამყაროს. ეს ძალები საზოგადოების ისტორიას წერენ; ეს ორი ფაქტორი ებრძვის სიკვდილსა და სიძულვილს. სიყვარული სიკეთის მამოძრავებელია, ხოლო სიძულვილი ბოროტებას ამოძრავებს. ცხოვრება ლამაზია, რადგან სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. სიყვარულის ნიჭი ყველაზე დიდი ნიჭია, რომელიც კი ღმერთმა შეიძლება უბოძოს ადამიანს.”

ეკატერინე ჭავჭავაძე 1882 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი მარტვილის დედათა მონასტერში, თავისი მეუღლის გვერდით დაასაფლავეს; შთამომავლობა მას იხსენებს, როგორც პატრიოტსა და პიროვნებას, რომელშიც სილამაზე, ნიჭიერება და ძლიერი ნებისყოფა უნიკალურად იყო შერწყმული.

როგორ აუხდა წინასწარმეტყველება ტიციან ტაბიძეს?

რატომ დარჩა უცოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი?