in

ნოდარ დუმბაძე – “გული”

ნოდარ დუმბაძე – “გული”

კიდევ ორი ოჩამჩირელი მოსწავლე გოგონა მაგონდება: ერთი – აფხაზი, მეორე – ქართველი. სანატორიუმში მინახულეს ავადმყოფი, თავიანთი ბაღის ფორთოხალი და ლიმონი მომიტანეს თანაკლასელების სახელით. ვიდრე ჩემთან იდგნენ, ძალიან ყოჩაღად ისხდნენ, მაგრამ თვალები ცრემლით ჰქონდათ სავსე. რომ წავიდნენ, აივნიდან გადავხედე. ამათ მხრებზე მხოლოდ ანგელოზები ესხდნენ და თავჩაქინდრულნი მიდიოდნენ, ჩემი ნახვით დაზაფრულებს, ალბათ, იმედი გადაუწყდათ, – ამას რა გადაარჩენსო?!

– გადავრჩი, ჩემო ძვირფასო გოგონებო, და თუ დამიჯერებთ, ის თქვენი მოტანილი ლიმონი და ფორთოხალი იმ ყველა ამერიკულ და გერმანულ წამალზე უფრო მომიხდა. მადლობელი ვარ, თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე.

სულ ახლახან ერთ ჩემს ისტორიკოს მეგობარს ვთხოვე, ჩვენი ისტორიული წარსულიდან აფხაზთა და ქართველთა ძმობის რაიმე ლამაზი ამბავი გაიხსენე-მეთქი. დიდხანს იფიქრა, მერე უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

Загрузка...

– რა იყო? – ვკითხე გაკვირვებულმა.

– არძმობის ამბავი ვერ გავიხსენე და ის როგორღა გავიხსენო?! – ასე მიპასუხა.

ან ბრძენი კაცის მოგონილი სიცრუეა, ან მართლაც ასე იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ასე უნდა იცოდნენ…

და უნდა იცოდნენ ჩვენგან.

მე სულ მუდამ მახსოვს აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელისა და სხვათა შემდეგ კაცი როგორი სიფრთხილით უნდა შეეხოს აფხაზთა გულის სიმებს. ეს ჩემს აფხაზ ძმებსაც უნდა ახსოვდეთ, ქართველთა გულის სიმებს რომ შეეხებიან ხოლმე.

მიხარია, შოთა ნიშნიანიძე ეგზომ ლამაზად რომ შეეხო ჩვენი გულების საერთო სიმებს. მე რომ ახლა ამ წერილს ვწერ, უფრო თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, რადგან მწერალთა კავშირში აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარე ვარ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აფხაზეთიდან გახლავართ არჩეული, აფხაზეთში მოვკვდი და დავიბადე ხელმეორედ, ლენინური პრემია რომ მივიღე, ათასი დეპეშა მომივიდა და აქედან ნახევარზე მეტი აფხაზეთიდან იყო. სხვა რომ არაფერი, სამადლობელი მეკუთვნის და ვამბობ კიდევაც. და ასეც რომ არ იყოს, სულაც შავი ზღვის პირას, აფხაზეთში მიდგას ოდა.

“ჩანს ოდაზე კოლხთა ღერბი,
ღერბი სიმინდ-ჯიქურის,
და აფხაზურ ცხენის ნალი
ავგაროზად მიკრული”.

შოთა ნიშნიანიძის ლექსის კითხვა რომ ჩავათავე, გულში უსაშველო სითბო ჩამეღვარა, ავდექი და ჩემს სიცოცხლეში პირველად მოვძებნე ლექსიკონში გულის განმარტება.

გული – უმთავრესი ნაწილი ცხოველთა შინაგანი აგებულებისა, რომლისაგანაც მოიქცევის სისხლი ყოველთავე ძარღვთა შინა, – ასე წერია ლექსიკონში.

აუ, რა დიდი ფერება და გაფრთხილება სჭირდება თურმე გულს.

ქორწილის ფოტოები, სადაც სიძე ყველას მთელი გულით ეცოდება…

ხინკალი თუ ქაბაბი??? რომელი უფრო გემრიელია?