in

ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია-ანა კალანდაძე

ანა კალანდაძის ფემინისტური ბიოგრაფია

ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.  მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, 1931 წელს. 1941 წელს დაამთავრა ქუთაისის ნომერ პირველი საცდელ-სანიმუშო  სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ანა კალანდაძე კავკასიური ენების განყოფილებაზე გადავიდა და უნივერსიტეტი 1946 წელს სწორედ კავკასიური ენების სპეციალობით დაამთავრა.

პირველი ლექსი თერთმეტი წლის ასაკში, 1935 წელს დაწერა. 1945 წლიდან დაწერილ ლექსებს მიიჩნევდა თავად ანა კალანდაძე თავის „პირველ დამოუკიდებელ მხატვრულ სიტყვად“. ამ დროს მას უკვე დაწერილი აქვს „თუთა“, „საქართველოო ლამაზო“, „მოდიოდა ნინო მთებით“, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, „შენ ისე ღრმა ხარ“. ამ და მომდევნო წელს წერს ის ისეთ ლექსებს, როგორებიცაა „ამ სურით სვამენ“, „ბოშა ქალი“, „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“, „ყაყაჩოსა სიწითლითა“, „სასაფლაოს გაზაფხული“, „ლოცულობს გველი“, „ვარსკვლავების შარავანდით“, „მკვდართა მზე ვარ“, „ქეთევან დედოფალი“, „კარში გამო, ჭია-ჭია მარია!“.  1945-46 წლებში დაწერილი ლექსები ბოლო კურსზე სწავლისას ანამ მამიდის დაჟინებით დიმიტრი ბენაშვილს, ახლო ნათესავს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი ეს ლექსები გაზეთის „ლიტერატურა და ხელოვნება“ რედაქტორს გადასცა და 1946 წლის 14 ივნისს პირველად დაიბეჭდა კიდეც ამ გაზეთში მისი ცამეტი ლექსი. ლექსებთან ერთად იმავე ნომერში დაიბეჭდა ვანო წულუკიძის წერილი სათაურით „ლიტერატურული ახალგაზრდობა“, რომელიც ანა კალანდაძის ლექსებზე პირველი რეცენზია იყო.

ანა კალანდაძე: „როდესაც ჩემი შემოქმედება სხვებისთვის ცნობილი გახდა … სიხარულთან ერთად ისიც ვიგრძენი, რომ … რაღაც დასრულდა, რაღაცა დამთავრდა, შეწყდა… დაირღვა სულიერი წონასწორობა… ასე რომ, თუ ჩემი ლექსების გამოქვეყნებისას სიხარულს მგვრიდა მკითხველის მიერ მათი გათავისება, უნდა ვაღიარო ისიც, რომ კმაყოფილი მაინც (თუ შეიძლება შემოქმედი საერთოდ იყოს კმაყოფილი) ჩემი შემოქმედების ამ „ფარული პერიოდითა“ ვარ, „საიდუმლოს გაცხადებას“ რომ უსწრებდა წინ. ე.ი. როცა სრული შინაგანი და გარეგანი სიმშვიდით ვიყავი მოცული და, მაშასადამე, – თავისუფალი უცხო თვალისაგან.

ანა კალანდაძის „აღმოჩენა“ ქართული ლიტერატურული წრეების მიერ მოხდა 1946 წელს, ანუ მაშინ, როდესაც ამავე წლის 14 აგვისტოს ჟურნალების „ზვეზდას“ და „ლენინგრადის“ შესახებ გამოქვეყნდა კომპარტიის ცკ-ს დადგენილება, რომელშიც დაგმობილი იყო ანა ახმატოვასა და მეხეილ ზოშჩენკოს შემოქმედება. შესაბამისად, ჩვენშიც დაიწყეს ზოშჩენკოებისა და ახმატოვების ძებნა. ზოგმა ხელისუფლების შეკვეთით, ზოგმაც საკუთარი ინიციატივით სამიზნედ ანა კალანდაძე გაიხადა.

1952 წლიდან ანა კალანდაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, 1973 წლიდან იგი გახდა ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ხარისხი დაცული არ ქონია.

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

ანა კალანდაძე დაჯილდოვებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო გახლდათ, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.

ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს ინსულტის შედეგად, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

Загрузка...

ყველასთვის საყვარელი მაინ რიდის ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფია

რა დაანათლა იმპერატორმა ალექსანდრე ჭავჭავაძეს