in

რევაზ ინანიშვილმა ანდერძი დავით გონჯილაშვილს დაუტოვა

აი, ეს ამბავი უნდა იცოდეს მთელმა ჩვენმა მოდგმამ. მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება, მაგან არ უშველოს….

ამას, რასაც მე ეხლა ვწერ, თქვენთვის არა ვწერ, ჩემო შვილებო. თქვენა, ვერც ბიჭებსა და ვერც ქალებს, ცოცხალმა კაცმა ვერ შეგასმინეთ, რაც მე გულისგულით მინდოდა, და ამ ფარატინა ქაღალდზე დაწერილი რას შეგასმენთ. ამას ვწერ ჩემი შვილთაშვილებისა და იმათი შვილებისათვის. იცოდნენ ესა, რაც მე უნდა დავწერო, და თუ გამოადგებათ რამეში, ხომ კარგი, თუ არადა, ანდერძს კაცი არც მოუკლავს, არც დაუნგრევიაო, არც მე დამაკლებს ამის დაწერა რამეს, _ არც მე, არც თქვენა, არავისა, _ იყოს, ხარჯს არ მოგთხოვთ და ბაჟს, ისე კი, ერთი პატარა სათხოვარი მაქვს და ეს მაინც უნდა ამისრულოთ: ნუ მიაგდებთ ამ ჩემს დაწერილს ნაგვის გასაყოლებლად, შეინახეთ, აი, თუნდაც სინათლის გადასახადის ქვითრებს რომ ინახავთ ხოლმე, იქა, ან სინათლის ქვითრებთან, ან არადა, ყმაწვილების ნიშნების ფურცლებთან. სხვა თუ არაფერი, მადლია, კაცს რომ სურვილს აუსრულებთ და თანაც _ იქნებ ღმერთიც არის, რა ვიცით, იმასთან მისვლისასაც ხომ ყველას გვჭირდება ცოტაოდენი რამ ხელის ტვირთად.

დავიწყებ იმის მოთხრობით, რომ ქართველი ვარ, ფშაველი, ქართველები მყავდა დედაცა და მამაც, მამა _ გოჯელაშვილი, დედა _ ფოთოლაშვილი. მამაჩემის მამა, იმედათ გამიხარდი, ვაჟა-ფშაველას ეძმაკაცებოდა თურმე. მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ვაჟა შენც უნდა გახსოვდეს, რანაირად არ გახსოვს, ბალღო, ჩვენი სახლის უკან ხთისოს წიფელთან რო ნიშანი დავსვით, ჩვენ დაწოლილები ვისროდით, მე, მამაჩემი და ჩემი დედის ძმა, ვაჟამ კიდევ ეგრევე ჯდომელამ რომ გაუშვირა თოფი და აიღო ის ნიშანიო! პატარაობისას ვიძახდი, როგორ არა, სულ წვრილად მახსოვს-მეთქი, მაგრამ ეხლა გამოგიტყდებით, ეს დღე არ მახსოვს. ეგ ყველაფერი მამაჩემისა და ჩემი ბიძების ნათქვამებიდანა მაქვს დამახსოვრებული. მე მარტო რა მახსოვს ნამდვილად: ვაჟა-ფშაველა რომ მოკვდა, მაშინ უკვე ხუთი წლისაზე ცოტა მეტისა ვიყავი და აგე, ეხლა ახალი გომური რომ ჩადგეს ჩვენებმა, მანდ საბძელი გვქონდა; მამაჩემი იმ საბძლიდან ცოტა მოშორებით იდგა, ეტყობა, იმან მოიტანა ის ამბავი, პაპა კიდევ საბძლიდან გამოდიოდა, კევრი გამოჰქონდა. რომ აიღო და დაახეთქა ის კევრი ვაჟა-ფშაველას სიკვდილის გაგონებაზე, კევრი შუაზე  გადაიპო, კაჟები აქეთ-იქით გაცვივდა.

დიდედოჩემი, ფხიკლიანთ ქალი, ვაჟა-ფშაველას დედის ნათესავი იყო. ვაჟას რომ აღწერილი ჰყავს დედამისი, საცოდავი გულის ქალი, ისიც ზედ ისეთი ხასიათისა იყო. სადმე გზაზე შეხვედრილ გაჭირვებულებს იტირებდა შინა, ჩვენთანა, _ ვაი, მე თვალდამდგარს, რა ეშველებათ იმ საცოდავებსაო! სანთელს დაანთებდა და ღვთისმშობელს შეეხვეწებოდა, _ ღვთიშობელო, შენ ძუძუებს შემოვევედრები, _ ეგრე იცოდა შეხვეწნა, _ უშველე იმ ჩვენი ცოდვებისთვის გადადებულებსაო. გველი რომ ენახა წელგადაწყვეტილი, აიყვანდა და უბეში ჩაისვამდა. ის გველი კიდევ არ უკბენდა. იცოდა ფანდურის დაკვრა და ლექსების თქმა. ის რომ ფანდურს დაუკრავდა, დაუკრავდა და მერე ზედ ლექსს იტყოდა, „ნეტა ვინ, მთაო, მაღალო, ჩამოგაქცივა ქარითაო“. ქვის გული უნდა გქონოდა, რომ ცრემლი არ წამოგსვლოდა თვალიდან. ფანდური და ლექსების თქმა ჩემმა პაპიდამ _ მარიამმაც იცოდა, მაგრამ იმ ფხიკლიანთ მომწითურო ქალთან ვერავინ მოვიდოდა, ვერც მარიამი, ვერც ვინმე სხვა.

მამაჩემი გაბოც, გაბრიელი, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ორკლასიანი სკოლა ჰქონდა დამთავრებული აქა, ჩვენთან, თიანეთში, მაგრამ იმისი მარტო რუსული დაწერილი რომ გაჩვენათ, გესიამოვნებათ. ისიც უკრავდა ფანდურს და ისიც მღეროდა ლექსებს. დაიდებდა კისერზე სიამაყით ხელს, _ მე და ვაჟას გვიჭიდავია, ხუმრობით, რა თქმა უნდაო, აემ ქედზე დღესაც ვიგრძნობ ხოლმე იმის თითებსაო. გაიცინებდა და სულ სიკეთის შუქს გადმოჰფენდა ყველას. მე რომ დავვაჟკაცდი, ბევრჯერ უთქვამთ ქალებს, _ მამაშენი მზესავით კაცი იყო, შენ რამ ჩამოგღრუბლა, ბალღოო. ორი სურათი გვქონდა, ერთი, დედაჩემი და ისაა, ჩემმა დამ წაიღო და, სახლი რომ დაეწვათ, ის სურათიც იქ ჩაიწვა. მეორე, თოფიანი, მთლად გაყვითლდა, მაგრამ, თუ დაუკვირდები, მაინც მიხვდები, რა ვაჟკაცი დგას, როგორ იყურება, ანდა როგორ უჭირავს თოფი. ხელის მტევანი ჰქონდა, _ დაიჭერდა აი ესე, ორი თითით, კაკალს, ჩამოჰკრავდა კვესივით იმ მაგარ ხელის მტევანს და მოგაწვდიდა გატეხილს. ოციანი წლების გაუგებრობის დროს ერთ თავგასულ მილიციელს ჩააფარა სახეში, დაიჭირეს, გამოიქცა ციხიდან და იმ გამოქცევისას შემოაკვდათ მდევრებს.

Загрузка...

როგორ ცხოვრობდა სინამდვილეში ”გოგია უიშვილის” ავტორი

როგორ შეუცვალა პარიზმა პაულო იაშვილს ცხოვრება?