in

როგორ უმკლავდებოდა ელენე ახვლედიანი უდიდეს ტკივილს

ელენე ახვლედიანს შვილის დაკარგვის ტკივილი საყვარელმა საქმემ გადაატანინა

“რა სირცხვილია, ამდენი ადამიანის თვალწინ…” – ეს მხატვარ ელენე ახვლედიანის უკანასკნელი სიტყვებია. 1975 წლის 28 დეკემბერს სცენაზე გავიდა, მაგრამ სათქმელი ვერ დაასრულა, ხელები აუკანკალდა და… მხატვარი 2 დღის შემდეგ, 30 დეკემბერს გარდაიცვალა.
ელენე ახვლედიანის სახლ–მუზეუმში ყველაფერი ისეა დატოვებული, როგორც მხატვრის სიცოცხლეში იყო – ოთარ თაქთაქიშივლის ნაჩუქარი შავი როიალი, რომელზეც რიხტერი და როსტროპოვიჩი უკრავდნენ, ნახატები, სპექტაკლების ესკიზები, კოსტიუმები, საწოლი ბევრი ბალიშით, მხატვარი ქალის ხალათიც კი. თითქოს ამ ლამაზ სახლში ისევ დიასახლისობს, მიმსვლელებს ისევ დიდ სითბოს ახვედრებს, თავის ცხოვრებაზე უყვება.
სახლ–მუზეუმის მენეჯერი თამილა თევდორაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ელენე ახვლედიანი პირველად შემთხვევით ნახა და მისით მოიხიბლა. პატარა გოგონამ ქუჩაში დაინახა ქალი, რომელსაც სიარულის განსაკუთრებული მანერა ჰქონდა. სანამ თვალს არ მიეფარა, მანამდე უყურებდა. მერე უთხრეს, ეს ცნობილი მხატვარი ელენე ახვლედიანიაო. გავიდა წლები და მისი ცხოვრება ამ დიდ შემოქმედს დაუკავშირდა.
წლებია ქალბატონი თამილა ელენე ახვლედიანის შემოქმედების მოყვარულთ მხატვრის სამყაროში მეგზურობას უწევს. “სარკესაც” მან უამბო ქალბატონი ელენეს ცხოვრების საინტერესო დეტალებზე, მის შემოქმედებასა და პირად ტრაგედიებზე
ყველას დიასახლისი
– ერთხელ ხელოვნების მუზეუმმა გამოფენა მოაწყო. ჩვენი განყოფილების გამგემ (იმ დროს იქ ვმუშაობდი), ქეთევან ბაგრატიშვილმა, ელენე ახვლედიანისგან ნამუშევრები ითხოვა, მაგრამ თავის დროზე ვერ დაუბრუნა. მე და ჩემს მეგობარს გვითხრა, ეს ნახატები ქალბატონ ელენეს წაუღეთ და, რასაც გეტყვით, შეირგეთო. მხატვარმა კარი რომ გააღო, ახალგაზრდების დანახვამ ძალიან გაახარა. მას ბავშვები და ახალგაზრდები უზომოდ უყვარდა, მაგრამ რომ შეიტყო, ვინ ვიყავით, სახე შეეცვალა. გვეჩხუბა და კართან დაგვტოვა. წყენამ მალევე გადაუარა. შუა ოთახიდან მოტრიალდა და გვითხრა, შემოდითო. ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდა, ჩაი დაგვალევინა გემრიელი კანფეტებით, ბევრი გვესაუბრა და შემდეგ თბილად გამოგვაცილა.
ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლს მისი ძმისშვილი ლელი ახვლედიანი უვლიდა. ქალბატონი ლელი 1995 წელს გარდაიცვალა და აქ გადმოსვლა მე შემომთავაზეს. მას შემდეგ ამ მუზეუმში ვარ, ეს ჩემთვის მეორე ოჯახია. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, სამსახურში მოვდივარ. აქ არაჩვეულებრივი გარემო და ინტერიერია, რომელიც თავად მხატვარმა შექმნა. მის ნახატებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც საოცარ ენერგიას ატარებენ. რადგანაც ეს მემორიალური სახლია, ყველაფერი ისეა, როგორც მის სიცოცხლეში იყო. მაგალითად, მისი საწოლი ისევ ისე დგას და ზედ ბევრი ბალიში ალაგია. აქვე ვინახავთ მის ხალათს და კიდევ ძალიან ბევრ ნივთს.
ელენე ახვლედიანს პირდაპირი შთამომავლები არ ჰყოლია, ამიტომ სახლი სახელმწიფოს გადასცა. ამით გარდაცვალების შემდეგ ძეგლი დაიდგა. 38 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის სახლში სიცოცხლე დღესაც ჩქეფს. დამთვალიერებელი ბევრი გვყავს. დროდადრო საღამოებსაც ვმართავთ. ვცდილობთ, ის ტრადიცია გავაგრძელოთ, რაც ამ სახლს ჰქონდა.
აქ მუდამ თავს იყრიდა უამრავი ადამიანი და საინტერესო საღამოები იმართებოდა. სახლში დგას შავი როიალი, რომელიც ქალბატონ ელენეს ოთარ თაქთაქიშვილმა აჩუქა. მასზე უკრავდნენ მსტისლავ როსტროპოვიჩი, სვიატოსლავ რიხტერი, ჰენრიხ ნეიჰაუზი, მარია გრინბერგი და სხვები. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ისრაელიდან ნეიჰაუზის შვილთაშვილი ჩამოვიდა და ამ მუზეუმში კონცერტი გამართა. ეს გულისამაჩუყებელი დღე იყო.


– ქალბატონი ელენეს საწოლთან ახლაც კიდია მისი მშობლების ფოტოები. დედა, ელისაბედ ერისთავი, ულამაზესი ქალი იყო. მამა სამხედრო ექიმი გახლდათ. ელენე კახეთში დაიბადა. მამამისი წარმოშობით ლეჩხუმიდან იყო, მაგრამ თელავში სამუშაოდ გაგზავნეს და იქვე დარჩა. ცოლიც შეირთო და შვილებიც შეეძინათ. ელენეს ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა. თავად კი ყველაზე უფროსი იყო. საგულისხმოა, რომ ოჯახში ის ერთადერთი ხელოვანი გახლდათ. დისშვილები და ძმისშვილები ჰყავს. ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე მისი დის შვილიშვილია.
ახვლედიანების ოჯახი თელავში თავისი სტუმართმოყვარეობით იყო განთქმული. მათ სახლში ხშირად მიდიოდნენ მუსიკოსები და კონცერტები, საღამოები იმართებოდა. მათთან ხშირად დადიოდა მომღერალი ანა ვარდიაშვილი. ის მღეროდა, პატარა ელენე კი ფორტეპიანოზე აკომპანემენტს უკეთებდა. რადგან ელენეს მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, მშობლებს სურდათ, მუსიკოსი გამოსულიყო. 1911 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ელენე ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს და სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი.
– გიმნაზიაში ხატვას ასწავლიდა ცნობილი პოლონელი მხატვარი და პედაგოგი ნიკალაი სკლიფასოვსკი. მან შეამჩნია, რომ პატარა გოგონა ძალიან კარგად ხატავდა. ერთხელ მისი მშობლებისთვის უთქვამს კიდეც, არ ვიცი, ეს ბავშვი როგორი მუსიკოსი გამოვა, მაგრამ ძალიან კარგი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას გაძლევთო. პირველი პროფესიული განათლება სწორედ ამ პედაგოგის სასწავლებელში მიიღო.
სკლიფასოვსკი არაორდინარულ გაკვეთილებს ატარებდა – ბავშვებს ღია ცის ქვეშ დასხამდა და ხატვას ისე ასწავლიდა, ხან ფეხით დაჰყავდა სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში. ამ ყველაფერმა ელენეზე დიდი გავლენა იქონია, რომ მომავალში პეიზაჟისტი გამხდარიყო.
1919 წელს დიდი გამოფენა მოეწყო, რომელზეც კორიფეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მათ გვერდით იმ დროისთვის უცნობი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ოთხი გრაფიკული ნახატიც გამოიფინა. ამ ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ამით მისი მომავალიც გადაწყდა. 1922 წელს სამხატვრო აკადემია გაიხსნა. ელენემ იქ ჩააბარა და გიგო გაბაშვილის ჯგუფში მოხვდა. ერთი წელი წარჩინებით ისწავლა, შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. 2 წელი იტალიაში იყო, 4 წელი – საფრანგეთში.
პირველი პერსონალური გამოფენა–გაყიდვა პარიზის სამხატვრო აკადემიაში მოაწყო. სხვათა შორის, მისი ნახატები იყიდეს ამადეო მოდილიანიმ და პაბლო პიკასომ. ამ უკანასკნელს თურმე ძალიან მოეწონა ნამუშევარი “კახეთის ზამთარი”, მაგრამ ელენემ არ მიჰყიდა. პიკასოსთვის უთქვამს, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო. ამის მერე ისინი დამეგობრდნენ. მოდილიანის რამდენიმე ნახატი მოეწონა. ელენემ ისინი აჩუქა, მან კი ფული მაინც მისცა.
ამერიკა, შვეიცარია, ჰოლანდია – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მისი ნახატების გამოფენა ეწყობოდა. საქართველოშიც აღიარებული მხატვარი იყო და საზღვარგარეთაც არანაკლებ პატივს სცემდნენ.
1927 წელს ელენემ მოულოდნელად დატოვა პარიზი. ჰოლანდიაში მისი გამოფენა უნდა მოწყობილიყო. მისი ნახატები თვითმფრინავით წაიღეს. თავადაც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საქართველოდან ცნობა მიიღო, რომ დედამისი ძალიან ავად იყო. ყველაფერი მიატოვა და დაბრუნდა. სამწუხაროდ, ყველა ნახატი დაიკარგა, მაგრამ ამას არ განიცდიდა – მისთვის მთავარი იყო, რომ დედას ცოცხალს ჩამოუსწრო. უცხოეთში სამუშაოდ აღარ წასულა, მხოლოდ მოკლევადიან მოგზაურობებში დადიოდა.

Загрузка...

იცით თუ არა, რომ ლადო გუდიაშვილი…

ოტია იოსელიანის 20 გენიალური მოსაზრება